აფთიაქის ისტორია ჩვეული ნარკომანით


when you see once close friend being a drug-user🙂
ჩემი ძმა უკრაინაშია, მამაჩემს ფეხი აქვს მოტეხილი და რა თქმა უნდა, მე მიწევს მარკეტში/აფთიაქებში ჩასვლა.
პლატო ვინც არ იცით, აგიხსნით – ჩემი სახლის პირდაპირ ეკლესიაა, გვერდზე პატარა სკვერივით რაღაც, რომელსაც უნდა ჩავუარო, თუ კონკრეტულ მარკეტში ვარ შესასვლელი.
ამჯერად აფთიაქში ჩამგზავნეს, გზაში ჩავუარე ამ სკვერს – რა თქმა უნდა, იქ მყოფი 2 ადამიანიც დავაფიქსირე.
შევედი აფთიაქში, ძლივს ავუხსენი რომელი ქაფი უნდა მომყიდოს და ამ დროს ერთ-ერთი სკვერში მყოფი ტიპი შემოდის.
მე სალაროსთან ველოდები გამყიდველს, ის ტიპი შემოსასვლელშია. 6-7 ნაბიჯი აშორებს სალარომდე. ვგრძნობ რაღაც სუნს, რომელიც იმ ტიპმა შემოიტანა და ცხვირს მიწვავს.
– X წამალი მინდა
– არ გვაქვს
– X წამალი მინდა
– არ მაქვს გენაცვალე, დღეს ორი გავყიდე, აღარ მაქვს
– ხოდა, ეგ მინდა, მომეცი
ბლა ბლა ბლა.. გრძელდება კარგა ხანი. ის ქალი უხსნის, რომ თუ ექნებოდა, მიჰყიდდა, აბა ისე რათ უნდა, თუ არ გაყიდა წამლები. იმ ტიპს არ ესმის.
ამ დროს სალაროსთანაც მოვიდნენ და მე იმ “უხერხულ” ნივთებს დავცქერი, რომელიც ყველა აფთიაქსა თუ დიდ მარკეტში სალაროსთან დევს ხოლმე, რადგან არ ვიცი რას შევხედო უკვე.
– შპრიცები მაქვს
– მომეცი
– 5-იანი, 10-იანი, 2-იანი. რომელი გინდა? რამდენი?
– ორი ცალი მინდა, 2-იანი. რა ღირს?
– 40 თეთრი იქნება სულ.
გამყიდველს ხურდებით სავსე ხელს აწვდის ის ტიპი, რადგან ვერ ითვლის ხურდებს და ეს გამყიდველიც ხმამაღლა ითვლის “აი, 10 თეთრი, 30 თეთრიც, აი, 40 თეთრიც”
– მადლობა, ისეთი არაფერი იფიქროთ. უბრალოდ ვხვდები როგორც ჩანს ხოლმე, როცა ასე ყიდულობენ შპრიცებს და იმ წამალს ითხოვენ – თან ძლივს ატრიალებს ენას. ცდილობს გამოძვრეს სიტუაციიდან.
– არა, რა თქმა უნდა არა, ჩემი რა საქმეა – ეუბნება გამყიდველი და ცდილობს მოიშოროს.
ის ტიპი გაბრუნდა უკან, მე არ ვიყურები მისკენ, მაგრამ სანამ სულ რაღაც 7-8 ნაბიჯს გაივლიდა ძალიან დიდი ხანი გავიდა, კარის გაღებისა და დახურვის ხმის შემდეგ, გამყიდველი შემომიბრუნდა და მეუბნება:
– ნარკომანი.
მთელი ამ დროის განმავლობაში ვფიქრობდი მეორე ტიპზე, რომელიც ჩემთვის ძალიან ახლო ადამიანი იყო ოდესღაც და ახლა ასეთი შეცვლილია. გამოვედი აფთიაქიდან, დავინახე “ბესეტკაში” ისხდნენ და რაღაცას უყურებდნენ, თვალი ავარიდე და რაც შეიძლება მალე ამოვედი სახლში.
ახლაც მასზე ვფიქრობ. არ მეგონა ის ასეთ გზას ოდესმე თუ დაადგებოდა და არც ის მეგონა, რომ ჩემს უბანში კვლავ იყვნენ აფთიაქის წამლების “მომხმარებლები”.

ჩანაწერი #345


მთელი დღის განმავლობაში იმაზე ვფიქრობდი, თუ რას დავწერდი ან ვიტყოდი ამ დღეზე. 2 საათია რაც ახალი დღე დაიწყო და ვხვდები, რომ დაწყნარებული ვარ და ამ პოსტს აფექტურ მდგომარეობაში არ ვწერ.

ძალიან მაგარია ბავშვობა. გგონია, რომ ყველაფერი ცუდი სხვებთან ხდება და შენს ცხოვრებას, ოჯახს არაფერი შეემთხვევა. გესმის როგორ ლაპარაკობენ ოჯახის წევრები სხვებზე და ამბობენ აღარ არისო, შენ კი ვერც აანალიზებ რას ნიშნავს ეგ. უბრალოდ იცი, რომ შენ და შენი ოჯახი ხელშეუხებელნი ხართ და სულ ერთად იქნებით – ჯანმრთელად და ბედნიერად.

რთული პერიოდები ზოგს როდის ეწყება, ზოგს როდის. მე 2006 წელს დამიდგა, როდესაც ბაბუ წავიდა და გავიაზრე, რომ ცუდი რაღაცები შეიძლება ჩემს ოჯახსაც დაატყდეს და შეიძლება სხვა ოჯახის წევრიც დავკარგო. თუ მანამდე ხელშეუხებელნი ვიყავით მე და ჩემი ოჯახი, ახლა მხოლოდ მე ვრჩები და ცუდი რაღაცები შეიძლება ოჯახის წევრებს დაემართოთ და მე მათ ვუყურო, დავეხმარო, ვანუგეშო.

ამ დროს იმასაც ფიქრობ, რომ შენს მეგობრებს არაფერი დაემართებათ. ისინიც ხომ პატარები არიან შენსავით და ჯერ ძალიან ადრეა რამე ცუდი გადაგხდეთ თავს. ამ დროს კი დავკარგე პირველი მეგობარი, ჩემზე ერთი წლით პატარა. მახსოვს რამხელა შოკი გადავიტანე. ჩემს საშინლად გამწვავებულ გარდატეხის ასაკს, ერთ-ერთი უსაყვარლესი ადამიანის დაკარგვაც დაემატა და სრულიად უაზრო მელანქოლიურ მუსიკას ვუსმენდი, თან ვტიროდი ისე, რომ არავის დაენახა. მე ხომ მაშინაც ძლიერი გოგო უნდა გამოვჩენილიყავი, ოჯახის წევრების თვალწინაც კი. ამ დროს მთლიანად გამინადგურდა სამყარო. გავაცნობიერე, რომ არცერთი ჩემი მეგობარი არაა ხელშეუხებელი. ისევე, როგორც ჩემი ოჯახის წევრების, მათი დაკარგვაც შემეძლო და ამ დროს დავიწყე იმის წარმოდგენა, თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემი ცხოვრება ჩემი საყვარელი ადამიანების გარეშე. სიტყვა წარმოდგენა ცოტა ხმამაღალი სიტყვაა, რადგან არავის მოგვწონს საყვარელი ადამიანების სხვადასხვანაირი წასვლისა და შემდეგ ჩვენი ცხოვრების გაგრძელების წარმოდგენა.

ახლა კი მარტო მე დავრჩი. მე ვარ ის ხელშეუხებელი ადამიანი. სამყარო ჩემს გარშემო ბრუნავს და მე როგორც მინდა, ისე იქნება ყველაფერი. მე ვიქნები სულ ჯანმრთელი, მე ვიცხოვრებ სამუდამოდ.

ამ დროს კი გარდატეხის ასაკში აღარ ხარ უკვე. ზრდასრული ადამიანი ხარ, მაგრამ მაინც გსურს ის პატარა ადამიანი იყო და ისევ გჯეროდეს, რომ შენები სულ კარგად იქნებიან, ყველა საყვარელი ადამიანი სულ გარშემო გეყოლება და ყველა ერთად ბედნიერად იცხოვრებთ. INFINITY.

14-15-16 წლის ასაკში ვიძახდი იმას, რასაც თინეიჯერების უმეტესობა – “უკვე დიდი ვარ, დამანებეთ თავი, რასაც მინდა იმას ვიზამ. მე თქვენზე კარგად ვიცი”.

ახლა კი 21 წლის ვარ. ყველანაირ სრულწლოვნებას გადავაბიჯე და ხანდახან გულით მინდება ხოლმე ვთქვა, რომ 16 წლის ვარ. ისევ მშობლებს ვუჯერებ და სკოლაში 10იანებზე ვსწავლობ. არანაირი პრობლემა, სადარდებელი მაქვს და ცხოვრება მშვენიერია.

ამ დროს კი ექიმთან ერთი ვიზიტიც კი განგრევს და გეუბნება, რომ არც შენ ხარ ხელშეუხებელი. შენც ისევე შეგემთხვევა ცუდი, როგორც სხვებს. შენც ისევე გიყურებენ, გეხმარებიან და განუგეშებენ, როგორც ადრე ოჯახის წევრებს უყურებდი, ეხმარებოდი, ანუგეშებდი.

და ზუსტად იცი ეს ყველაფერი სად იპოვო, რადგან ათასობით ნაცნობი ადამიანიდან, იცი ვის უნდა დაურეკო პირველმა და ვისთან გაატარო მთელი დღე, რომ ყველა პრობლემა დაგავიწყოს და ისევ 16 წლის გახდე – უდარდელი, უპრობლემო ბავშვი.

ერთხელ ბავშვთა სახლში


2014-2015 წლებში, როგორც იცით, ვიყავი SocialErasmus Georgia​-ს კოორდინატორ და ორივე სექციასთან ერთად ( ESN Tbilisi ISU​ & ESN Tbilisi Universal​) ვგეგმავდი/ვატარებდი სოციალურ პროექტებს.

2014 წლის შემოდგომისათვის ერთ-ერთი პროექტი გადავწყვიტეთ ყოფილიყო ბავშვთა სახლში სტუმრობა. რა თქმა უნდა, ბავშვთა სახლის დირექტორის დათანხმება უფრო გაგვიჭირდა, ვიდრე შესაბამისი სამინისტროსი. სკეპტიკურად უყურებდა ჩვენს სურვილს შევხვედროდით “უპატრონო ბავშვებს”.

მიზნად დავისახეთ მათთან დაახლოება, საუბარი და მომავალი ვიზიტისათვის უკეთ მომზადება. შემდეგ მოგვივიდა ხმები, რომ ამ ბავშვთა სახლში გოგონების უმეტესობა ღამე იპარებოდა და პროსტიტუციას ეწეოდა, ბიჭები კი ფულზე თამაშობდნენ და იპარავდნენ. აქედან გამომდინარე არ ვიცოდით რა მოხდებოდა იქ მისვლისას.

ყველაზე რთული იყო ბავშვთა სახლამდე გზა. ვნერვიულობდით იმაზე, თუ როგორ დაგვხვდებოდნენ, როგორ შემოვიდოდნენ კონტაქტში. ჩვენი პროექტის მთავარი აზრი ხომ ეს იყო და კონტაქტი რომ არ დამყარებულიყო, არაფერი გამოგვივიდოდა.

საჩუქრები დიდი არაფერი წაგვიღია, რაც ნიშნავს იმას, რომ მათთან მისული სტუმრების ნუგბარის მეათასედიც არ გვეჭირა.

როგორც იქნა შევიკრიბეთ დათქმულ ადგილას და მივედით ყველანი ერთად. ჩემმა ნერვიულობამ პიკს მიაღწია. ვიყურებოდი აქეთ-იქით. ვეძებდი დირექტორს, მასწავლებლებს, ბავშვებს.

თავიდან, რა თქმა უნდა, ზედ არავინ შემოგვხედა. “ისევ ჩვენი გამოყენებისთვის მოვიდნენ” სახეები ჰქონდათ.

ერთ-ერთმა მასწავლებელმა ძალიან დიდი ხნის გაურემონტებელი სახლის მეორე სართულზე აგვიყვანა და ერთ-ერთ ოთახში შეგვიყვანა. მალევე ძალით შემოყარა ბავშვები. თითქმის ყველა ბიჭი იყო. კარის იქიდან ბავშვის ტირილის ხმა შემოგვესმა და მალევე 2 გოგონა დავინახეთ ბავშვით ხელში, რომლებიც ქვევით მიდიოდნენ.

ბიჭები კრიტიკულად გვათვალიერებდნენ. მათთან ხო ყველა ან ბავშვთა დღეს მიდის ან ახალ წელს, პიარისთვის. პირდებიან ბევრ რამეს და შემდეგ წლამდე აღარ იხსენებენ. გავეცანით, ვუთხარით ვინ ვიყავით. ერთ-ერთი ძალიან გამოირჩეოდა აქტიურობით და ცინიკურ ფრაზებს გვესროდა, დანარჩენები თითქმის არც გვიყურებდნენ.

ბევრი წარუმატებელი თამაშის შემდეგ, უბრალოდ დავიწყეთ გაცნობისათვის ყველაზე ადვილი თამაში. წრეში ვამბობდით ვინ ვიყავით, რისი გაკეთება გვიყვარდა. ცოტა წვალების მიუხედავად, ყველამ გასცა პასუხი (ზოგმა მასწავლებლის ბრძანებით). შემდეგ სახელების დასამახსოვრებლად ვითამაშეთ და ჩვენამდე ნათქვამ ყველა სახელს ვამბობდით. აქ უკვე ცოტა გახალისდნენ და იცინოდნენ, გვეხუმრებოდნენ. გავიგეთ, რომ ინტერნეტიც ჰქონდათ, მაგრამ ონლაინ პოკერისთვის იყენებდნენ ხოლმე, ან ფილმების საყურებლად. აქ მე და მდივნიკა მივხვდით, რომ რაღაცის სწავლება და გაკეთება შეგვეძლო. იყო ბევრი თამაში, საუბარი. გავისეირნეთ გარეთ, ტორტიც ვჭამეთ ყველამ ერთად. გავიგეთ რა სჭირდებოდათ.

ბოლოსკენ ვესაუბრეთ მასწავლებელს, რომელსაც ვუთხარით, რომ გვინდოდა კიდევ მოვსულიყავით, უკვე მასწავლებლების და თოვლის ბაბუების როლში. დირექტორმა ცოტა სკეპტიკურად გვითხრა რაღაცები, გვესაუბრა ბევრი მის ბავშვებზე და ბოლოს როგორც გინდათ ისე ქენითო, მაგრამ არ ვიცით ამათგან რა გამოვაო.

თითოეული ბავშვი უნიკალური იყო, ყველას ჰქონდა წარმატებისათვის საჭირო უნარები, მაგრამ არ იცოდნენ როგორ გამოეყენებინათ ის. ყველაზე მეტად მოტივაცია აკლდათ, სკოლაში სიარულიც კი არ უნდოდათ, რომელიც ბავშვთა სახლთან ძალიან ახლოს იყო.

თითოეულთან ვისაუბრეთ, გავიგეთ რა უნდოდათ, რათა შემდეგი ვიზიტისთვის გაგვეთვალისწინებინა. ბავშვებმა გელოდებით და აუცილებლად გვესტუმრეთო.

წამოვედით აღუწერელი ემოციებით. მთელი გზა მათზე ვსაუბრობდით. სექციის ჯგუფშიც განვაგძეთ საუბარი, კვირები მათზე ვფიქრობდით. როცა უნდა მივსულიყავით დირექტორთან და დაგვეგეგმა შემდეგი ვიზიტი, გავიგეთ, რომ ეს ბავშვთა სახლი დახურეს და ბავშვები სხვადასხვა სახლების გაანაწილეს. ყველაზე რთული ალბათ ამის გააზრება იყო. ჩვენ ხო მათ დავპირდით ჩვენი ცოდნის გაზიარებას, დახმარებას, მაგრამ ვერ მოვასწარით.

Note: მასწავლებელი = მომვლელი.

სუსტი სქესი?


“მოდით, აი, ამ ჭიქით სუსტ სქესს გაუმარჯოს. მათ, ვისაც ჩვენი მფარველობა სჭირდებათ და ვის გარეშეც ჩვენ ვერ ვიცხოვრებდით.” – რამდენჯერ გაგიგიათ ეს სადღეგრძელო? რა გახსენდებათ ხოლმე ამ დროს? როგორი რეაქცია გაქვთ?

პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ no hard feelings მათ მიმართ, ვინც ბოლოს ეს სადღეგრძელო ჩემს გარშემო თქვა. ისევ ისე მიყვარხართ, უბრალოდ ვფიქრობ, რომ ამაზე უნდა დავწერო. მინდა დაწერა!

როგორც სუფრაზე ითქვა, სუსტი შეიძლება სხვადასხვა კონტექსტში განვიხილოთ – ფიზიკური ან მენტალური კუთხით. თუმცა, დამეთანხმებით, რომ სქესთან დაკავშირებით ნათქვამი ‘სუსტი’ ნამდვილად ნეგატიურ კონტექსტს შეიცავს.

‘სუსტი სქესი’ – ამ სიტყვის მრავალი სინონიმი არსებობს: გოგო, ქალი, მდედრობითი სქესი. ჯანდაბას, იყოს მანდილოსანი ან/და დედაკაცი. რატომ არ შეიძლება ამ სიტყვების გამოყენება? რატომ უნდა გამოვიყენოთ მაინცდამაინც ‘სუსტი სქესი’.

ბევრისთის შეიძლება უმნიშვნელოა, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს 2 სიტყვა ერთად მაფიქრებინებს, რომ რაღაცით ჩამოვრჩები ‘ძლიერ სქესს’ და იმ ყველაფერს ვერ გავაკეთებ, რაც ჩაფიქრებული მაქვს მომავლისათვის.

მნიშვნელობა აქვს, რადგან მე ვარ ის ადამიანი, რომელიც 15 წლიდან გზას იკვალავს.

მნიშვნელობა აქვს, რადგან ძალიან ბევრს ვმუშაობ იმისათვის, რომ დასახულ მიზანს მივაღწიო და წარმატებული ადამიანი ვიყო.

მნიშვნელობა აქვს, რადგან არასდროს არავინ დამხმარებია და ასე ვაპირებ გავაგრძელო ბოლომდე.

მნიშვნელობა აქვს, რადგან არავინ დამხმარებია რომელიმე სამსახურის პოვნაში.

მნიშვნელობა აქვს, რადგან იმაზე ბევრი გადამიტანია, ვიდრე რომელიმე ‘ძლიერი სქესის’ წარმომადგენელს და მაინც ფეხზე ვდგავარ, მაინც ვცდილობ წინ წავიდე. მერე რა, თუ ავტობუსში პედოფილს გადავყრილვარ. მერე რა, თუ ყოველი გარეთ გასვლა რამდენიმე ‘ძლიერი სქესის’ უაზრო აკიდებას ნიშნავს. მერე რა, თუ ეს სტერეოტიპი, რომლის მიხედვითაც ქალი ისე ვერ გააკეთებს საქმეს როგორც კაცი, მაინც არსებობს კომპანიის უფროსებში.

მაინც მივაღწევ ყველა მიზანს. მაინც ძალიან წარმატებული და ძლიერი ვიქნები. თქვენი წამოძახებული ‘სუსტი სქესი’ არ მაშინებს.

$_35

მოდით, თვეში ერთხელ პერიოდს ელოდეთ და ბავშვი გააჩინეთ. მერე მელაპარაკეთ სუსტ-ძლიერებაზე😀

ზაფხული – 2015 – პირველი ავტოსტოპი ვარძიისკენ


სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო და ვიწყებ იმ პოსტის წერაც, რომელიც თითქმის 4 თვის წინ უნდა დამეწერა.

მე ვარ ის ადამიანი, რომელსაც სოფელი არ აქვს (სამწუხაროდ) და ფაქტობრივად ქალაქს არ გასცდენია. მხოლოდ ბათუმსა და თბილისის შემოგარენში ვარ ნამყოფი, ამიტომ, რა თქმა უნდა, ქუთაისის მაკდონალდსშიც ვარ ნამყოფი.

ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ჩემი ნებით წავიდოდი კარავში დასაძინებლად, ჩემი საძილე ტომრით სადღაც უღრან ტყეში. მაგრამ ბოლო პერიოდში ყველაზე მეტად იცვლება ჩემი შეხედულებები, ჩვევები და ა.შ. (ამაზე ოდესმე რამეს დავწერ ალბათ).

პირველი ლაშქრობა ბირთვისში იყო, რომელზეც დავწერე პოსტი. მეორედ, სალაშქრო სეზონის გახსნაზე ვიყავი რკონში, რომელიც მოლაშქრეთა ეროვნულმა ფედერაციამ მოაწყო (ორგანიზება გაუკეთა, ჩაატარა და სხვა სინონიმები აქვე) და რომელზეც უნდა დამეწერა პოსტი, მაგრამ ვერ მოვახერხე.

ბოლოს კი ქალაქიდან გასვლა და კარავში დაძინება 20 ივნისს გადავწყვიტეთ. ამჯერად დანიშნულების ადგილი ვარძია აღმოჩნდა. იქამდე ჩაღწევა კი გადავწყვიტეთ ავტოსტოპით. დავიყავით ჯგუფებად და კარფურიდან ნელნელა გავუყევით გზას.

მე, როგორც არც ისე სოციალური ადამიანი, ხმას არ ვიღებდი მთელი გზა, სამაგიეროდ, მძღოლთან ინტერაქციას ხუჭუჭა ცდილობდა ხოლმე.

1977481_971831826181003_2621886530495773852_n

არ ვიცი ყველა გულისხმიერი მძღოლი მახსოვს თუ არა, მაგრამ ვეცდები გავიხსენო და დავწერო. აქვე, იმის გამო, რომ სახელებს კარგად ვერ ვიმახსოვრებ, ყველა ადგილს ვერ გავიხსენებ, სადაც ჩამოგვსვეს, თუ ‘აგვიყვანეს’.

  1. კარფურთან მალევე გამოჩნდა ის გულისხმიერი ძია, რომელმაც გორამდე ჩაგვიყვანა 2 სრულიად უცხო ადამიანი დიდი ჩანთებით. სავარაუდოდ, 60-65 წლის იყო და გაგვიმხილა, რომ ძალიან უნდოდა კარავით სადმე წასვლა, მაგრამ ‘პაძელნიკი’ ვერ ეშოვნა. როგორც ყველა კარგი თანამშრომელი მოიქცეოდა ამ დროს, ხუჭუჭამაც არ დააყოვნა და მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის მიერ მოწყობილ ლაშქრობებში დაპატიჟა😀
  2. გორიდანაც მალევე გაგვიყვანეს. ამჯერად ბათუმელი მძღოლი შეგვხვდა, რომელსაც თურქი ‘პასაჟირი’ (როგორც ის უწოდებდა) მიჰყავდა ბათუმში. ძალიან სასაცილო კაცი იყო, ხაშურამდე მშვენივრად გაგვართო. თურქული არ იცოდა, მაგრამ მაინც ცდილობდა თურქთან საუბარს და ხმამაღლა ქართულად, ჟესტების ენის დახმარებით რაღაცებს უხსნიდა ხოლმე.
  3. ახლა უკვე არაბი მძღოლის დრო დადგა, რომელმაც ახალციხემდე ჩაგვიყვანა. ამჯერად, ჩემი დრო დადგა მძღოლის გართობის, მაგრამ ენა ჩამივარდა და ინგლისურის ცოდნაც სადღაც გაქრა. გზაში პატრულმა გაგვაჩერა, ვითომ ალკო-ტესტის ჩასატარებლად და ამ დროს ნამდვილად ჩემი ჯერი იყო. წარმატებით გავაგებინე მძღოლსა და პატრულს რა უნდოდათ ერთმანეთისგან.
  4. ახალციხეში ჩასულებს საშინელი სიცხე შეგვეფეთა. ნახევარ საათიანი ლოდინის შემდეგ მანქანაც გამოჩნდა და ისეთ ადგილას წაგვიყვანა, სადაც უფრო მეტი ვარძიისკენ მიმავალი მანქანა გაივლიდა.
  5. და ამ ხიდთანაც დადგა ის დრო, როცა ფოსტის მანქანა გამოჩნდა და ხერთვისამდე წაგვიყვანა.
  6. ბოლოს კი ექვსივე მოლაშქრე თუ ‘მოლაშქრე’ შევიკრიბეთ და სამარშუტო ტაქსი გავაჩერეთ ვარძიამდე ასასვლელად.

ექვსიდან ოთხმა კაფე ვარძია ვარჩიეთ და დიდი ხნის ნანატრი საკვები მივიღეთ.

20.06.15  (2)

საბანაკე ადგილის ნახვა ცოტა გვიან მოგვიწია, რადგან ვარძიასთან ყველა ადგილი დაკავებული იყო ან not suitable for everyone. ამიტომ ასპინძამდე ბოდიალით ჩავედით.

უკვე დაღამებულზე ბანაკი აზრზე მოვიყვანეთ – 3 კარავი, ცეცხლი, საჭმელი, სასმელი.

ვარსკვლავები და რომანტიკა არ ყოფილა. ნაცრისფერი ქალაქიდან მოწყვეტა, სიბნელე, ტყე, კოცონი და კარგი ხალხი იყო. სრული გათიშვა საყვარელი ადამიანის გვერდით.

სანამ არ დავწვებოდი კარავში… ყველაზე მეტად ობობების მეშინია და მაინცდამაინც იმ ღამეს შემოგვივარდა ყველა ობობა. უკვე ვიძინებდი და თავზე დამეცა ერთი. კივილისგან ძლივს შევიკავე თავი. რა თქმა უნდა, ამ ობობის მოკვლით არ დავკმაყოფილდი და სანამ მთელი კარავი არ გადავამოწმეთ, მანამდე არ დავიძინე. დაახლოებით ისე ვტიროდი, ახალდაშორებული ისტერიჩკა გოგონები რომ ტირიან ხოლმე ღამე.

21-ში კარგად გამოძინებულები დავიძარით თბილისისკენ. ჩვენი პირველი მანქანა ფოსტის იყო, რომელმაც ახალციხემდე ჩაგვიყვანა.

სანამ თბილისის ‘პაპუტკა’ შეგვხვდებოდა, ბევრი ვიარეთ და პატრულის მიერ გაჩერებული რუსი ბაიკერებიც ვნახეთ.

შემდეგ კი გამოჩნდა ის სამარშუტო მანქანა, რომელმაც თბილისში ჩამოგვიყვანა. მერე რა, რომ არც წყალი მქონდა და არც საჭმელი. წარმატებით მეძინა მთელი გზა. მძღოლი რუსულენოვანი იყო და მე არ მიწევდა მისი გართობა, ხუჭუჭას პრეროგატივა იყო ეს ყველაფერი.😀

 

ახლა კი, ნოემბერში, ყინვაში ყველაფერ გავიღებდი, რათა ქალაქიდან გავსულიყავი. ისევ სადმე ბუნებაში, საყვარელ ადამიანებთან ერთად. იქ, სადაც მობილური არ იჭერს. საკმარისი საჭმელი, რათა შიმშილისგან არ მოვკვდე, ცეცხლი და ტყე…

 

პ.ს. პოსტის პირველი ნახევარი დაწერილია ივლისში, გაგრძელება ნოემბერში. რა თქმა უნდა, განსხვავება იგრძნობა😀

დიდი ბებიების შესახებ


ახლა როცა ამ სტრიქონს ვწერ ამირანში ვზივარ…

ჰო, დღეს CineDOC-Tbilisi 2015-ის გახსნაა. ჩემმა მეგობრებმა იციან რომ აქ ვმუშაობ, როგორც ვებგვერდის ადმინისტრატორი, მაგრამ ამასთან ერთად Facebook-ის გვერდიც მაბარია და სავარაუდოდ, ყველა ჩვენებას უნდა დავესწრო. როგორ მოვახერხებ, ეს უკვე სხვა საქმეა ^

ფესტივალის გახსნა კვლავ მიმდინარეობს, მე კი ამირანის ფოიეში ვზივარ და ლეპტოპის ბატარეაზე ვფიქრობ. იმედია გამიძლებს ბოლომდე და დავამთავრებ ამ პოსტს.

თვითონ CineDOC-Tbilisi-ზე სხვა დროს დავწერ, დღეს მინდა გახსნის ფილმზე ვისაუბრო, რომელსაც “Twilight of Life“ ჰქვია და რეჟისორმა Sylvain Biegeleisen-მა  წარადგინა. გვითხრა როგორი სითბო იგრძნო ქართველებისგან ამ ბოლო თვეების თუ კვირების განმავლობაში და თან დაგვპირდა, რომ ფილმის შემდეგ სიურპრიზს ვნახავდით.

დაახლოებით 15 წუთი ვიჯექი და ვუყურებდი მის ფილმს, რომელიც სილვაინის 94 წლის დედაზეა გადაღებული.  მივხვდი, რომ ჩემი სუსტი წერტილი ბებია-ბაბუებია.

ორივე დიდ ბებიას ვიცნობ/ვიცნობდი. ერთი 87-ის გარდაიცვალა, მეორე კი კვლავ ცოცხალია და თავის 90 წლის დასთან ერთად კოჯორში ცხოვრობს.

ვიცი როგორია მეხსიერება დაკარგული ადამიანი და რა რთულია იმის გადალახვა, რომ შენს სისხლსა და ხორცს არ ახსოვხარ.

ვიცი როგორია ბებიების სიყვარული, განსაკუთრებით კი დიდი ბებიები. სხვანაირი თბილი ხალხია, სულ სხვანაირად უყვარხარ, შეიძლება ნახევარი წელი არ ნახო, მაგრამ როცა შეგხვდებიან ისევ იმავენაირ სითბოს გადმოგცემენ.

წელს ერთი ძალიან მაგარი ქალი გავიცანი. იზოლდა ქვია. ვუყურებდი და მახსენდებოდა ჩემი დიდი ბებია – გოგუცა. ასაკის მიუხედავად, იზოლდა ძალიან ლამაზი ქალია, ისევე როგორც ჩემი ბებო იყო. იმის მიუხედავად, რომ არავინ ახსოვს, ჩემთან – 2 წუთის ნანახ ‘ვიღაცასთან’ მოვიდა, მაკოცა და რა კარგი გოგო ხარო მითხრა. ამ წამიდან არ შემყვარებია იზოლდა, პირველივე დანახვისთანავე შემიყვარდა ის, საოცრად ლამაზი თავადი ქალი!

მეორე დიდ ბებიას ლამარა ჰქვია, მის დას კი ეთო. არცერთს ეტყობა ასაკი. სპორტულებით დადიან ერთმანეთის სახლებში და კარტს თამაშობენ ხოლმე. მე როცა ბებოსთან ავდივარ კოჯორში, მიყვარს მისი გაკეთებული ხლოვანი (ფხლოვანი? Whatever), მისი ბავშვობიდან დღემდე გადახდენილი ისტორიები. რამდენიმე წლის წინ ვუთხარი, ერთხელ ხმის ჩამწერით მოვალ და ყველაფერი თავიდან ბოლომდე უნდა მომიყვეთქო, დამეთანხმა. ალბათ ახლა არ ახსოვს, მაგრამ აუცილებლად, აუცილებლად (!!!) მოვიცლი 1 კვირით, გადავალ კოჯორში და საოცარ ისტორიებს შემოვუნახავ ჩემი ოჯახის წევრებს და არამარტო.

ასე ვიჯექი, ვუყურებდი ‘Twilight of life’ –ს, ვტიროდი, ვფიქრობდი ჩემს დიდ ბებიებზე და რეჟისორის გამძლეობაზე, რომელიც კინოთეატრის დარბაზში იჯდა და უყურებდა ფილმს. სწორედ ამიტომ გამოვედი დარბაზიდან ყველაზე ადრე. იმის მიუხედავად, რომ ძალიან მაინტერესებს ფილმი, ალბათ მხოლოდ სახლში მარტოდ ყოფნისას ვნახავ.

ბათუმი


პირდაპირ ვიტყვი რომ ცუდი ხასიათები მაქვს. თითქმის სულ რაღაც არ მომწონს და ჩხუბს ვიწყებ, თუმცა ბათუმში ყველაფერი სხვანაირადაა.

თითქოს არაფერი განსაკუთრებული მომხდარა იქ, თუმცა მთელი წლის განმავლობაში ველი ზაფხულს, რათა 1-2 დღით მაინც მოვინახულო ‘ჩემი ქათქათა ქალაქი’.

პირველად 2007 წელს ვიყავი ბათუმში დიდი ხნით. თითქმის 2 თვე ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში ვცხოვრობდი, სადაც მალევე ყველას ვიცნობდი და თავი სტაფიც კი მეგონა. ამ წლის შემდეგ თითქმის ყოველთვის ჩავდივარ ბათუმში. ვნახულობ ბათუმელ მეგობრებს, ვათვალიერებ ქალაქს და ვსეირნობ ძალიან ძალიან ბევრს. იმის მიუხედავად, რომ ზოგადად სიცხეში ცუდად ვხდები, თუ სადმე არ მეჩქარება, ‘ქათქათაში’ აუცილებლად ფეხით გადავადგილდები ხოლმე.

ჩემი ბედნიერება პორტიდან იწყება, როდესაც ვგრძნობ, რომ სულ ცოტახანში ვისეირნებ ‘ჩემს ქალაქში’, რომელიც ყველაზე მეტად წვიმიანი მიყვარს. ეგოისტურად ვოცნებობ ხოლმე, რომ სულ წვიმები დამემთხვას და კითხვაზე ‘რატომ ჩამოხვედი ბათუმიდან თეთრი’ არ დავიწყო ახსნები ზღვასა და სიცხესთან ჩემს ურთიერთობაზე.

IMG_3078

2 წლის წინ, ეროვნულების ჩაბარების შემდეგ თითქმის ორი თვე ჩემს ნათესავებთან ვიყავი, რომლებიც იმ პერიოდში განსაკუთრებით შემიყვარდნენ. შედეგების გამოცხადებამდე და შემდეგაც ჩემს გვერდით იდგნენ, არ დამაცადეს ნერვიულობა და ჩაბარების შემდეგი სიხარულიც გაიზიარეს. რთულია ასეთი კარგი ადამიანების პოვნა და შემდეგ შენარჩუნება, მითუმეტეს ჩემნაირი უყურადღებო ადამიანებისათვის. სამწუხაროდ, წელს ვერ მოვახერხე მათი ნახვა, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ისევე ვუყვარვარ მათ, როგორც 2 წლის წინ და შედეგი ნახვაც ისეთი გვექნება, როგორც შარშან ქორწილში გვქონდა.

ჰო, შარშან ჩემი ნათესავის ქორწილი იყო და სულ რამდენიმე დღით დავაღწიე თავი სამსახურს და გავეშურე ბათუმისკენ. მახსოვს როგორი გაოცებული ვუყურებდი/ვაკვირდებოდი ბათუმურ ქორწილს და განსხვავებულ ტრადიციებს. ის 2-3 დღეც საკმარისი იყო, რომ სამსახურში ოდნავ უკეთეს ფორმაში დავბრუნებულიყავი.

წელს ყველაფერი სხვანაირად იყო. რა თქმა უნდა, ყველაფერი დაგეგმილად არ გამოვიდა, მაგრამ ნამდვილად განსაკუთრებული ზაფხული მქონდა ბათუმში. მამამ მე და სალომე წაგვიყვანა ჩემს ქალაქში. მთელი გზა ერთი და იმავე ფლეილისტს ვუსმენდით და ვმღეროდით. ხასიათის ცვლილება ალბათ თბილისიდან გასვლისთანავე მეტყობა ხოლმე.

პირველი გაჩერება ამალიასთან მქონდა, რომელმაც რამდენიმე დღე შემიფარა. არასდროს მიფიქრია მასზე როგორც დაქალზე და ძალიან გამიკვირდა, როცა მასთან დარჩენა შემომთავაზა. ჩემი პირველი ხანგრძლივი დარჩენა იყო სხვის ოჯახში, თუმცა არც მიგრძვნია, რომ უცხო ადამიანებთან ვცხოვრობდი. ამალიამ და მისმა დამ საუკეთესოდ ‘მიმასპინძლეს’. სახლიდანაც გამიყვანა ამალიამ და ზღვაზეც კი ჩამიყვანა (სას’ტ’აული), არამარტო დღისით, არამედ ღამითაც. სწორედ ამ დროს გავუგე იმ ადამიანებს, რომლებსაც ღამის ზღვაში ცურვა ურჩევნიათ.

მეორე გაჩერება უკვე თამთა, სალომე და მერიემთან იყო. ყოველ ღამე მივუყვებოდით ხოლმე სახლიდან ბულვარისკენ გზას. გადავდე ყველას ზღვაზე არ-გასვლის სურვილი და მშვენივრად დავისვენეთ ერთად. ყველა გაოცებული იყო ჩემი საოცარი ხასიათით და დალაგების უნარით. სალომეც კი, რომელიც უკვე 13 წელია ჩემი დაქალია, ყოველ წამს ამას ამბობდა.

ბათუმიდან მშვენიერი მაიკა გამოვიყოლე, რომელიც ჩემი ‘საფირმო’  Killers-ის მაიკასავით მიყვარს უკვე, Thanks to Meriem.

11880347_872192056205331_1507765127_n

THIS GIRL NEEDS A BEER